რენატა აპანვიენსენე
ლიტვა
რენატა - ლიეტუველი ფოტოგრაფი, რომელიც ათ წელზე მეტია, მალტაზე ცხოვრობს და კუნძულს საკუთარ სახლად მიიჩნევს. ფოტოგრაფიით ბავშვობაშივე დაინტერესდა - იღებდა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ბუნებას. 15 წლის წინ კი ჰობი პროფესიად აქცია.
რენატას იზიდავს მუსიკა, ცეკვა, მხატვრობა, თუმცა ფოტოგრაფიას თვითგამოხატვის საუკეთესო გზად მიიჩნევს. შთაგონებას ადამიანებში, გარემოსა თუ ცხოვრების მცირე დეტალებში პოულობს და თავისი Nikon-ით სამყაროსთან კავშირს ამყარებს. მისი აზრით, კარგი ფოტოგრაფი უნდა იყოს თავისუფლად მოაზროვნე, შემოქმედებითი, დაკვირვებული და, რაც მთავარია - უყვარდეს საკუთარი საქმე. მისი მიზანია ისეთი სურათების შექმნა, რომლებიც იწვევს ემოციას და სტიმულს აძლევს ფიქრს: შესანიშნავი ფოტო არ ნიშნავს ძვირად ღირებულ ტექნიკას, არამედ ნიშნავს გულისა და შინაარსის დაჭერას.
რენატა არის მალტის პროფესიონალური ფოტოგრაფიის ინსტიტუტის (MIPP) წევრი, 2014 წელს მოიპოვა LMIPP სერტიფიკატი, 2019 წელს კი - AMIPP. ნიუ-იორკის ფოტოგრაფიის ინსტიტუტმა გადასცა პორტრეტის ფოტოგრაფიის სერტიფიკატი. მის ნამუშევრებს მიღებული აქვთ მრავალი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის აღიარება მალტის ტურიზმის სააგენტოს, MIPP-ისა და ფოტოგრაფიის საერთაშორისო კონკურსის მიერ. რენატას ნამუშევრები გამოქვეყნდა ჟურნალებში Camerapixo და FocalPoint, მოგებული აქვს მრავალი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდო პორტრეტებში, აბსტრაქტში, არქიტექტურასა და პეიზაჟებში.

