ეკატერინე თოთლაძე
თბილისი, საქართველო
ეკატერინე თოთლაძე არის ვიზუალური ხელოვანი. თავისი შემოქმედებით იკვლევს იდენტობას, დაკვირვებასა და ურთიერთდანახვას შორის არსებულ დაძაბულობას. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ასევე, სწავლობდა გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, პოლონეთში (2023).
თოთლაძის შემოქმედება, ძირითადად ფერწერა, ეხება ემოციურ და ფსიქოლოგიურ ლანდშაფტებს. იგი ქმნის ვიზუალურ სივრცეებს, რომლებიც ერთდროულად ახლობელი და შემაშფოთებელია - ადგილებს, სადაც სიჩუმეში ხმაური ისმის და მაყურებელს
შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი თავის ახალ ფორმაში აღსაქმელად. მის გამოფენებს შორის აღსანიშნავია პერსონალური გამოფენა „White Noise“ ATINATI-ში(2023). ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ გამოფენებსა და საერთაშორისო პროექტებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ხელოვნების რეზიდენციაში კომოში, იტალიაში.
2024 წელს ეკატერინე თოთლაძემ მოიპოვა პირველი ადგილი დიდი ბრიტანეთში გამართულ ფერწერის კონკურსში Golden Time Talent, ასევე გახდა ATINATI-ს სტუდენტური პრიზის ლაურეატი (2023). ეკატერინესთვის ხელოვნება არ არის პასუხების გაცემის, არამედ კითხვების დასმის საშუალებაა - სივრცის შექმნა, სადაც შესაძლებელია თვითშემეცნება, ფიქრი და მოულოდნელი შიდა დიალოგი.

